რელიგიის თავისუფლება თურქეთში

რელიგიის თავისუფლება თურქეთში
თურქეთი, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა, შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და რელიგიისა და რწმენის ნიადაგზე ყოველგვარი ფორმის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ დეკლარაციას. ამასთანავე, თურქეთი შეუერთდა არაერთ საერთაშორისო ხელშეკრულებასა და კონვენციას, რომლებიც იძლევიან დამატებით გარანტიებს რელიგიის თავისუფლებისათვის. ასეთებს განეკუთვნება ჰააგის კონვენცია სახმელეთო ომის კანონებისა და წესების შესახებ, ჟენევის ოთხი კონვენცია (კონვენცია სახმელეთო საომარ მოქმედებებში დაჭრილი და დაავადმყოფებული სამხედრო ძალების მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესების შესახებ, კონვენცია საზღვაო საომარ მოქმედებებში დაჭრილი და დაავადმყოფებული სამხედრო ძალების მოსამსახურეებისა და ჩაძირული გემის ეკიპაჟის პირობების გაუმჯობესების შესახებ, კონვენცია სამხედრო ტყვეთა შესახებ და კონვენცია საომარი მოქმედებების დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტი. თურქეთი გვევლინება ასევე ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების ერთერთ ხელშემკვრელ მხარედ, რომლის III მუხლი განსაკუთრებულად იცავს იმ არამუსულმანი რელიგიური საზოგადოებების რელიგიის თავისუფლებას, რომელთა აღიარება მოხდა ოსმალეთის იმპერიის დროს. ხელშეკრულება განსაზღვრავს იმ რელიგიურ პრივილეგიებს, რომლებიც მიენიჭა არამუსულმან რელიგიურ უმცირესობებს და აძლევს მათ შემდეგ გარანტიებს: თურქეთის ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თურქეთის მოსახლეობის სიცოცხლისა და თავისუფლების სრული დაცვა, მიუხედავად დაბადების ადგილისა, ეროვნებისა, ენისა, რასისა თუ რელიგიური შეხედულებებისა. თურქეთის მოსახლეობას აქვს რწმენისა და აღმსარებლობის, დამოუკიდებლად თუ საჯაროდ, გამოხატვის სრული თავისუფლება, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებრივ წესრიგსა და დამკვიდრებულ მორალს. თურქეთში მცხოვრები ნებისმიერი პირი თანასწორია კანონის წინაშე, მიუხედავად მისი რელიგიური შეხედულებებისა. განსხვავებული რელიგიური შეხეულება თუ რწმენა არ შეიძლება გახდეს თურქეთის რომელიმე ეროვნების პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის საფუძველი. თურქეთის არამუსულმანური რელიგიური უმცირესობები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით, საკუთარი ნება-სურვილისამებრ დააარსონ, მართონ და აკონტროლონ რელიგიური ინსტიტუტები, რაც შემდგომ ხელს შეუწყობს მათ რწმენის გამოვლინებაში.
Source: აღმსარებლობის თავისუფლება ეუთოს წევრ ქვეყნებში : სამართლ. მიმოხილვა - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Полезное



Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»